გაყიდვების მენეჯმენტი

By ნოემბერი 11, 2020 News

დღეს ქალთა როლის გაძლიერება და ბიზნესგარემოში მათი ჩართულობის ხელშეწყობა თითქმის ყველა ბრენდისა და კომპანიის დღის წესრიგში დგას. ზოგიერთ კომპანიაში აღნიშნული თემის განახლება და შემდგომი განვითარება ხდება, დანარჩენებში კი ეს თემა სრულიად ახალია და ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯები იდგმება.

კომპანია ლაბ -ი 2019 წლის შემდეგ აქტიურად არის ჩართული ქალთა როლის გაძლიერებასა და მხარდაჭერაში და ამ მიმართულებით არაერთ პროექტს ახორციელებს. ერთ – ერთი მათგანია პროექტი: “გაყიდვების მენეჯმენტის კურსი ქალთა როლის გასაძლიერებლად”, რომელიც რეგიონებში მცხოვრები ქალების მხარდასაჭერად 2 – ჯერ გაიმართა ონლაინ ფორმატში, სრულიად უსასყიდლოდ.

მხარდაჭერითი პროექტი ემსახურება ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას, ტექნოლოგიური სფეროს პოპულარიზაციას და ბიზნესგარემოში ქალების ჩართულობის გაზრდას.

ონლაინ კურსის მსვლელობისას მსმენელები დაეუფლნენ თანამედროვე გაყიდვების ტექნიკებსა და უნარებს, გაეცნენ საქართველოს ტექნოლოგიურ ბაზარს, კომპანიის გამოცდილებაზე დაყრდნობით ისწავლეს გაყიდვების იმ სპეციფიკების შესახებ რაც უნდა ვიცოდეთ საერთაშორისო და ქართულ კომპანიებთან ურთიერთობისას.

აღნიშნული კურსის პირველი ეტაპი გაიმართა მაისის თვეში, რომლის შედეგებმა და კურსის მიმართ გაზრდილმა დაინტერესებამ განაპირობა მისი ხელმეორედ ჩატარება. განმეორებითი სესიები დაიწყო 12 ოქტომბერს და წარმატებით დასრულდა ამავე თვის 28 რიცხვში.

კომპანია ლაბ -მა მხარდაჭერითი პროექტი ქალთა გაძლიერების პრინციპებთან (WEPs) პარტნიორობით და გაეროს ქალთა ორგანიზაციის UN Women -ის მხარდაჭერით განახორციელა.

საქართველოში ქალთა როლის გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით, კომპანია ლაბ WEPs – ს 2019 წელს შეურთდა.